საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბრიდან განსახილველ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნას ითვალისწინებს.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზირებული ოპოზიციური ველი.
„ე.წ. პოლიტიკური პარტიები, სინამდვილეში „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გამოირჩეოდა და გამოირჩევა კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმით, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, მუდმივად არეულობის, ხელისუფლების დამხობის მცდელობით; პარტიები, რომლებიც მუდმივად პირდაპირ იღებენ დავალებასა და დაფინანსებას ქვეყნის ფარგლებს გარედან. რეალურად წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს საკუთარ სამშობლოში, ბუნებრივია, რომ ასეთი პარტიების აკრძალვის საკითხის დაყენება საკონსტიტუციო სასამართლოში აბსოლუტურად ბუნებრივი მოცემულობაა. დემოკრატიას სჭირდება თავდაცვისუნარიანობა. სწორედ ამ მიზნით მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი და წარედგინა ის საკონსტიტუციო სასამართლოს.
ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზირებული ოპოზიციური ველი და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ბუნებრივია ეს საკითხი ხელს უშლის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
