გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები და თეირანის საპასუხო დარტყმები. მან მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდა.
თავის განცხადებაში გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალის გამოყენება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მისი თქმით, რეგიონი იმყოფება ფართომასშტაბური კონფლიქტის ზღვარზე, რაც კატასტროფული იქნება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
გუტერეში მოითხოვს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, რათა თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის შემდგომი გაფართოება.
მან მოუწოდა ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი და დიპლომატიური გზებით ეძიონ გამოსავალი.
„მოვუწოდებ მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ. ამის შეუსრულებლობა რეგიონული კონფლიქტის გაფართოების რისკს ქმნის, რაც მძიმე შედეგებს მოუტანს მშვიდობიან მოსახლეობასა და რეგიონულ სტაბილურობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუტერეშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა არ არსებობს. მისი განცხადებით, გაეროს წესდება რჩება იმ ერთადერთ ფუნდამენტად, რომელზეც საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა დაფუძნდეს.
