ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ ისრაელის საკითხებში ირანის დაზვერვის მინისტრის მოადგილე საიდ იაჰია ჰამიდი მოკლეს.
მათივე თქმით, ასევე მოკლულია ჯალალ პურ ჰოსეინი – დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშობის განყოფილების ხელმძღვანელი და „რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნები“.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ, როდის ან სად მოხდა მათი ლიკვიდაცია. ასევე ნათქვამია, რომ „ცოტა ხნის წინ“ დარტყმა განხორციელდა ირანის დაზვერვის სამინისტროს შტაბ-ბინაზე თეირანში.
28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს. შედეგად დაიღუპა ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები. საპასუხოდ, ირანი უკვე მესამე დღეა, დრონებითა და რაკეტებით უტევს ისრაელს, ისევე როგორც აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს სპარსეთის ყურეში.
კომენტარები
