დონალდ ტრამპმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ კირ სტარმერით, რადგან ბრიტანეთის პრემიერმა ამერიკელებს ირანზე დარტყმების განსახორციელებლად ბაზის „დიეგო გარსია“ გამოყენების უფლება არ მისცა.
ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაპირველი უარი „არ ჰგავდა არაფერს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის აქამდე მომხდარა“.
დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უარი უთხრა დიეგო გარსიასა და RAF Fairford-ის მსგავსი ბაზებიდან ირანის მიმართულებით დარტყმების განხორციელების ნებართვაზე, მიზეზად კი საერთაშორისო სამართლის ნორმები დაასახელა. თუმცა, კვირას ღამით პრემიერ-მინისტრმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ აშშ-ს დიეგო გარსიაზე წვდომის უფლებას მისცემდა „კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ სტარმერს აზრის შესაცვლელად „ძალიან დიდი დრო დასჭირდა“.
„ეს ალბათ არასდროს მომხდარა ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ჩანს, ის შეშფოთებული იყო კანონიერების საკითხით“, – განაცხადა ტრამპმა.
ამ დაყოვნების გამო სტარმერი ვაშინგტონში რესპუბლიკელების მხრიდანაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.
კვირას ღამით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ერთი საათის შემდეგ, ირანულმა კამიკაძე-დრონმა კვიპროსში მდებარე ბრიტანეთის ბაზაზე RAF Akrotiri იერიში მიიტანა.
28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს. შედეგად დაიღუპა ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები. საპასუხოდ, ირანი უკვე მესამე დღეა, დრონებითა და რაკეტებით უტევს ისრაელს, ისევე როგორც აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს სპარსეთის ყურეში.
