აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტმა ბილ და ჰილარი კლინტონების დაკითხვის ვიდეო გაავრცელა. ბილ კლინტონის დაკითხვის ვიდეო 4 საათსა და 33 წუთს შეადგენს, ხოლო ჰილარი კლინტონის – 4 საათსა და 35 წუთს.
ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ როგორც ბილ, ასევე ჰილარი კლინტონმა უარყვეს ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის ფლობა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის თქმით, მისი ხანმოკლე ნაცნობობა ჯეფრი ეპშტეინთან წლებით ადრე დასრულდა, სანამ მისი დანაშაულებრივი საქმიანობა სააშკარაოზე გამოვიდოდა.
“აქ ყოფნის, ძირითადად, ორი მიზეზი მაქვს. პირველი — მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისი კონსტიტუცია. მწამს, რომ ამერიკა დაფუძნებულია პრინციპზე, რომლის თანახმადაც კანონზე მაღლა არავინ დგას, განსაკუთრებით კი — პრეზიდენტები;
იმედი მაქვს, დღევანდელი სხდომით ჩვენ შევძლებთ ოდნავ მაინც დავცილდეთ კრიზისულ ზღვარს და დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, როდესაც ქვეყანაში შესაძლებელი იქნება ცივილიზებული დებატების გამართვა.
მეორე მიზეზი, რის გამოც აქ ვიმყოფები, გახლავთ ის, რომ გოგონები და ქალები, რომელთა ცხოვრებაც ჯეფრი ეპშტეინმა გაანადგურა, იმსახურებენ არა მხოლოდ სამართლიანობას, არამედ მორალურ რეაბილიტაციასაც.
ჩემი ხანმოკლე ნაცნობობა ჯეფრი ეპშტეინთან წლებით ადრე დასრულდა, სანამ მისი დანაშაულებრივი საქმიანობა სააშკარაოზე გამოვიდოდა, თქვენ მაიძულეთ ჩვენება მომეცა, თუმცა კარგად იცით, რომ არ ვფლობ ინფორმაციას, რომელიც გამოძიებას გამოადგებოდა. ეს ყველაფერი პრეზიდენტ ტრამპის ქმედებების გადასაფარად და ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად კეთდება, რადგან არსებობს პასუხების მიღების ლეგიტიმური მოთხოვნა. ეს კომიტეტი მართლა რომ ცდილობდეს ეპშტეინის ტრეფიკინგის საქმეზე სიმართლის დადგენას, პრესკონფერენციების იმედად არ იქნებოდა. კომიტეტი მოქმედ პრეზიდენტს ფიცის ქვეშ პირდაპირ დაკითხავდა იმ ათიათასობით შემთხვევაზე, სადაც ეფშტეინის ფაილებში მისი სახელი ფიგურირებს”, – განაცხადა ბილ კლინტონმა.
