ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა რიბერამ ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლებლობა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, რადგან, მისი მტკიცებით, ევროკავშირის საგარეო ვაჭრობა ერთიანი ბაზრის ფარგლებში იწარმოება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„შეუძლებელია [ინდივიდუალური] კომერციული საპასუხო ზომების მიღება ან საქმიანი ურთიერთობების დამყარება“, – ციტირებს გამოცემა რიბერას.
„ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თითოეული სახელმწიფოს სავაჭრო ურთიერთობები ევროკომისიის პასუხისმგებლობის საკითხს წარმოადგენს და მათი დაყოფა შეუძლებელია“, – დასძინა მან.
გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობას შეაჩერებს მას შემდეგ, რაც მადრიდმა აშშ-ს უფლება არ მისცა ესპანეთის ტერიტორია ირანის დაბომბვისთვის გამოეყენებინა.
„ვაპირებთ სრულად გავწყვიტოთ ესპანეთთან ვაჭრობა“, – განაცხადა გუშინ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს. „არ გვსურს გვქონდეს რაიმე საერთო ესპანეთთან“, – დასძინა მან.
ევროკომისარმა რიბერამ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მცდელობა განაცალკეოს ევროკავშირის ქვეყნები „ღრმად შემაშფოთებელია არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, მსოფლიოსთვის და თანამშრომლობის კუთხით, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის, რასაც ყველა ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაზე ექნება გავლენა“.
მან აგრეთვე ტრამპის მუქარა სკეპტიკურად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ამერიკის ფედერალურმა მთავრობამ იცის“, თუ როგორ რეგულირდება ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები. ის ფიქრობს, რომ ამერიკის მთავრობა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტით დაინტერესებული არ არის.
