ისრაელის იერიშების შედეგად ლიბანში, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ „როიტერი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ღამით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელელი ჯარისკაცები თვითმფრინავებიდან ლიბანის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოსვეს, რის შემდეგაც ადგილობრივებმა და „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
საპასუხოდ ისრაელმა დასახლებული პუნქტების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო, შემდგომ კი ჯარისკაცების ევაკუაცია მოახდინა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი სამხედრო პირია. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დარტყმები განახლდა, ლიბანში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 300 000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
