19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის „მესაზღვრე“, რაშიდ ყანჯი ოღლი აფხაზეთშია და ტყვარჩელში, ქართველი ლტოლვილის სახლში ცხოვრობს. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს.
სახლი, სადაც რაშიდ ყანჯი ოღლი ცხოვრობს, 1993 წელს მამამისმა თურქეთიდან აფხაზეთში ჩასვლის დროს მიისაკუთრა. ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის წინაპრები 1877 წელს აფხაზეთიდან თურქეთში გადასახლებული მუსლიმანები იყვნენ, რომელთა ნაწილი აფხაზეთში დაბრუნდა და ამჟამად ქართველ ლტოლვილთა სახლებში ბინადრობს.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთმა ყანჯი ოღლის შეფარებაზე უარი განაცხადა. რუსეთმა ამ სასტიკ მკვლელობაზე დასავლეთის თვალში პასუხისმგებლობის აღება არ ისურვა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, გარდა ამისა, აფხაზურმა მხარემ გალში გამართულ შეხვედრაზე მტკიცე უარი განაცხადა, განეხილა ყანჯი ოღლის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი, იმ მიზეზით, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის არ არსებობს ხელშეკრულება ეჭვმიტანილთა ექსტრადირების თაობაზე. ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება კი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას სცნობს. გარდა ამისა, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის კონსტიტუცია კრძალავს აფხაზეთის მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას, ხოლო ყანჯი ოღლი როგორც რუსეთის, ასევე აფხაზეთის მოქალაქეა.
ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზეთში, ქართველი ლტოლვილის სახლში ცხოვრობს
2016/06/06 12:57:10
კომენტარები
ნანახია: 2133 ჯერ