სწორედ ამ დღეებში გამოჩნდა, სად დგას ქართველი ხალხი და რას წარმოადგენს ქართველი ხალხი. აქ ვერ იმოქმედებს ცრუ დასავლეთი თავისი ცრუ ღირებულებებით, რადგან ჩვენ გენეტიკურად ვდგავართ იმ გზაზე, რასაც მართლმადიდებლობა და ქრისტეს სიყვარული ჰქვია, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“.
კაკაბაძემ აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს, როგორ პატივს ვცემთ ისეთ სულიერ მოძღვარს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს და ქართველ ერს.
„ამ დღეებმა მსოფლიოს დაანახა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ის ერი, რომელიც თავის მრწამსსა და ღირებულებებს არ ღალატობს და ვდგავართ იქ, სადაც უნდა იდგეს ქრისტეს კვართის მცველი ერი.
მიუხედავად იმ უზარმაზარი ტკივილისა, რომელიც პატრიარქმა მთელ ქვეყანას მიაყენა, ამ ტკივილთან ერთად იყო განცდა კმაყოფილების და განცდა, რომ ჩვენ წარვდექით მსოფლიოს წინაშე ისე, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს ეკადრებოდათ.
ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, როგორ პატივს ვცემთ ისეთ სულიერ მოძღვარს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს და ქართველ ერს. ეს იყო ჩვენი განაცხადი მსოფლიოს წინაშე და ეს იყო სერიოზული ლახვარი იმ ძალებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საქართველოს ყიდვა ან დაპყრობა შესაძლებელია საკუთარი აგენტურისა თუ ფიჯნანსების საშუალებით“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
ნანა კაკაბაძემ ახალი პატრიარქის არჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინოდში ის არჩევანი გაიმარჯვებს, რაც პატრიარქმა დაიბარა.
„ყველა მორწმუნე ადამიანისთვის, მით უმეტეს სინოდის წევრებისთვის, პატრიარქის სიტყვა არის ის, რასაც ჩვენ ვენდობით და გვჯერა, რომ პატრიარქი ჩვენს შორის იყო ყველაზე უფრო შეუმცდარი. პატრიარქის არჩევანი არის გაცხადებული. ღრმად მწამს, რომ სინოდში ეს არჩევანი გაიმარჯვებს, რაც პატრიარქმა დაიბარა. აქედან გამომდინარე, რომ გითხრათ დიდად სანერვიულოა ეს თემა, არ მგონია“, – განაცხადა კაკაბაძემ.
