საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საბერძნეთის კულტურის მინისტრ ლინა მენდონის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა თეატრის, ლიტერატურის, მუსიკის, სამუზეუმო მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხს. დოკუმენტზე საბოლოო ხელმოწერის მიზნით, თინათინ რუხაძემ ბერძენი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ყურადღება გამახვილდა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტზე, რომელიც 8 აპრილს, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში გაიმართება. აღინიშნა, რომ ეს ღონისძიება საქართველოსა და საბერძნეთს შორის მჭიდრო კულტურული კავშირების მორიგი დასტურია.
ასევე, განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის კულტურის დღეების გამართვის საკითხი, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრისას თინათინ რუხაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაინტერესებულია, ითანამშრომლოს თესალონიკში მდებარე ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ძეგლების ევროპულ ცენტრთან და ათენში მდებარე ბიზანტიური და ქრისტიანული ხელოვნების მუზეუმთან. თანამშრომლობის შესაძლო ფორმატებია: ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოები, საგამოფენო საქმიანობა, სამუზეუმო სფეროს სპეციალისტების გაცვლითი პროგრამები და სხვ.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ. ვისაუბრეთ არქეოლოგიის, სამუზეუმო, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. ვიმსჯელეთ ახალგაზრდულ პროექტებზე. ვმუშაობთ მემორანდუმზე და ვფიქრობ, რომ შემდეგი შეხვედრა საქართველოში გვექნება.
ჩვენ ძლიერი ქრისტიანული ფესვები, ქრისტიანული კულტურა გვაერთიანებს და სწორედ ეს არის მტკიცე საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე, საბერძნეთის კულტურის მინისტრის მრჩეველი ანა პანაიოტარეა, დიპლომატიური მრჩეველი ვასილის ქსიროსი.
ვიზიტის ფარგლებში, აკროპოლისის მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაოს სტამპოლიდისმა თინათინ რუხაძეს აკროპოლისის მუზეუმი დაათვალიერებინა.
