ჩრდილოეთ კორეას, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი აქვს.
სააგენტო „როიტერი“, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პოტენციალს აძლიერებს.
გროსიმ სეულში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ IAEA-მა იონგბიონის (ჩრდილოეთ კორეა) ბირთვული კვლევების ცენტრში აქტივობის „სწრაფი ზრდა“ დააფიქსირა, მათ შორის – ხუთმეგავატიან რეაქტორზე, გადამამუშავებელ ქარხანაზე, მსუბუქწყლიან რეაქტორსა და სხვა ობიექტებზე.
როგორც IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეას, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი აქვს.
იმავე „როიტერის“ ცნობით, მანამდე ფხენიანმა „სერიოზულ პროვოკაციად“ შეაფასა იაპონიის ბოლო ყოველწლიური დიპლომატიური ანგარიში, რომელშიც ჩრდილოეთ კორეა „საფრთხედ“ არის მოხსენიებული.
ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც „ლურჯი წიგნის“ სახელით არის ცნობილი, წარმოდგენილია ტოკიოს ოფიციალურ საგარეო პოლიტიკური პოზიციები.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, წლევანდელ ანგარიშში ფხენიანის ბირთვული არსენალის აღწერა წარმოადგენს „სერიოზულ პროვოკაციას, რომელიც ქვეყნის სუვერენულ უფლებებს არღვევს“.
„ტოკიოს მოწოდება სრული ბირთვული განიარაღების შესახებ არის ანაქრონისტული და თავის არიდებაზე ორიენტირებული განცხადება“, – აღნიშნა ჩრდილოეთ კორეელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ ფხენიანის ბირთვულ პროგრამას თავდაცვითი მიზნები აქვს.
ამ თვის დასაწყისში, ფხენიანმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის არმიამ ჩაატარა მთელი რიგი ტესტები, მათ შორის კასეტური რაკეტების, რომელთა ქობინებსაც ინფრასტრუქტურისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ.
https://bntnews.bg/news/severna-koreya-zasilva-yadreniya-si-kapacitet-preduprediha-ot-mezhdunarodnata-agenciya-po-atomna-energiya-1388432news.html
