ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთ საათში შვიდი განცხადება გააკეთა და შვიდივე იყო სიცრუე. მათ ასეთი სიცრუით ომი არ მოუგიათ და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებზეც ვერაფერს მიაღწევენ. ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტე ღია არ დარჩება“, – დაწერა ღალიბაფმა.
მისივე განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ „დადგენილი მარშრუტით“ და „ირანის თანხმობის“ შემთხვევაში.
„სრუტის გახსნის ან დაკეტვის საკითხი, ასევე ის, თუ რა წესები იმოქმედებს, გადაწყდება ადგილზე და არა სოციალურ ქსელში“, – დასძინა ირანის პარლამენტის სპიკერმა.
ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობდა, რომ ირანი მზადაა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე და გამდიდრებული ურანი აშშ-ს გადასცეს.
