„სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის პრემია/დანამატები 2015 წელს 681 500 ლარით არის შემცირებული“ – განცხადება ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ხულორდავამ, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოცემულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
თამარ ხულორდავას განცხადებით, პრემია/დანამატების მაჩვენებლის კლების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი და მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაც ემსახურება იმას, რომ საბოლოოდ შეწყდეს აღნიშნული თემის არასწორი ინტერპრეტირება და საკითხთან მიმართებაში მცდარი აქცენტების დასმა.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელშიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით სახელფასო დანამატების ზრდაზეა საუბარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უწყების თანამშრომლებზე პრემიის ან დანამატის გაცემის ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად არის შესწავლილი და დასაბუთებული. სამინისტროს მიერ თანამშრომლებზე გაცემულ თანხებზე საუბრისას, მხოლოდ დანამატის მაჩვენებელი სრულ სურათს არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, გაცემული პრემიის საერთო თანხა 4 მილიონ 400 ათასი ლარით არის შემცირებული;
შესაბამისად, ჯამში პრემიისა და დანამატის ოდენობა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, 681 500 ლარით შემცირდა.
ამასთან, მნიშვნელოვნად არის შემცირებული უწყებაში მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება.
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის გამჭვირვალობა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. პრემიებისა და სახელფასო დანამატების საკითხზე სამინისტრომ ადრეც გააკეთა განმარტება და მომავალშიც მზად არის დაინტერსებულ ჯგუფებთან თუ უწყებებთან თანამშრომლობისთვის და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელფასო დანამატებისა და პრემიების გაცემის საკითხზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ არც 2014 და არც 2015 წლებში რაიმე სახის რეკომენდაცია არ გაუცია. სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია.