უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სარისკო გათვლაზე მიდის – მას სურს ომი რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო სიღრმეში გადაიტანოს და ვლადიმერ პუტინზე იმდენად დიდი ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ომის დიდი ხნის განმავლობაში პუტინმა შეძლო, რიგითი რუსები კონფლიქტის ყველაზე მძიმე შედეგებისგან დაეცვა. ახლა უკრაინის პრეზიდენტი ცდილობს, ეს დაარღვიოს – შეფერხდეს საჰაერო მიმოსვლა და დარტყმები განხორციელდეს რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საწარმოებზე, საწყობებსა და სხვა ობიექტებზე, წერს გამოცემა.
ლოგიკა სასტიკი, თუმცა მარტივია: ომის ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი რუსებისთვის უფრო სწრაფად უნდა გაიზარდოს, ვიდრე პუტინი უკრაინელებისთვის სამხედრო და სამოქალაქო დანაკარგების ფასის გაზრდას საჰაერო იერიშების გამწვავებით შეძლებს.
სწორედ ამ მიზნისთვის უკრაინამ აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან, ოთხ წელზე მეტი ხნის წინ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმების სერია განახორციელა.
POLITICO-ს ცნობით, კამპანია სწრაფად გაფართოვდა და სამიზნეებად იქცა არა მხოლოდ ტრადიციული სამხედრო ობიექტები, არამედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, საწარმოები და რუსეთის ონლაინვაჭრობის გიგანტების Wildberries-ისა და Ozon-ის უზარმაზარი საწყობებიც.
რიგითი რუსები კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ საწვავის დეფიციტის, საჰაერო მიმოსვლის შეფერხებისა და რუსული ონლაინვაჭრობის მუშაობის მოშლის გამო. უკრაინამ ასევე გაზარდა თავდასხმითი დრონების შიდა წარმოება, რადგან ცდილობს, ომი მოსკოვისთვის ეკონომიკურად და პრაქტიკულად გაუსაძლისი გახადოს, იუწყება გამოცემა.
თუმცა, ამ ეტაპზე ძალიან ცოტა რამ მიუთითებს იმაზე, რომ დარტყმებით გამოწვეული შეფერხებები პუტინის ხელისუფლებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
მანამდე არაერთხელ გავრცელებულა პროგნოზები შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. ევროპელი სპეცსამსახურების ხელმძღვანელები, უკრაინელი მაღალჩინოსნები და რუსი ემიგრანტები არაერთხელ ვარაუდობდნენ, რომ პუტინის დღეები დათვლილი იყო, რუსები მის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ ან მას კრემლში ოლიგარქებისა და რუსეთის ელიტის აჯანყება ჩამოაგდებდა.
თუმცა პუტინმა აქამდე ყველაფერი გადაიტანა.
რაც უკრაინის საჰაერო კამპანიამ, როგორც ჩანს, ნამდვილად მოახერხა, ის არის, რომ ომის იგნორირება რიგითი რუსებისთვის უფრო რთული გახადა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ფონზე, როდესაც კრემლმა დიდწილად შეძლო საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობა და რუსეთში მოქმედ მედიაზე მკაცრი კონტროლი დაამყარა, აღნიშნულია სტატიაში.
