სამედიცინო კვლევები აჩვენებს, რომ 25-დან 39 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. კარდიოლოგი მარგუს ვიგიმაა ამტკიცებს, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი ისეთივე მავნებელია ადამიანისთვის, როგორც მოწევა.
ესტონეთის ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად 25-დან 39 წლამდე ასაკის დაახლოებით 30 ადამიანს ემართება გულის შეტევა (ინფარქტი). ამჟამად გულის დაავადების დიაგნოზი 13 000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს დასმული. მათ 69 პროცენტს მამაკაცები შეადგენენ.
ვიგიმაამ, რომელიც ჩრდილოეთ ესტონეთის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი და „გულის თვის“ (Heart Month) ინიციატორია, სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ ახალგაზრდებში გულის ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ ესტონეთისთვის დამახასიათებელი გამოწვევა არ არის. მისი თქმით, მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის ექსპერტები შეშფოთებულნი არიან ფიზიკური აქტივობის შემცირებითა და ეკრანებთან გატარებული დროის ზრდით, რაც ესტონელი კარდიოლოგის განცხადებით, გულის პრობლემების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
„ჩვენს საავადმყოფოში გუშინ დილით ექიმების კონფერენცია ჩატარდა და გაირკვა, რომ წინა შაბათ-კვირას ინფარქტით 35 წლის ერთი მამაკაცი და ასევე 40 წლის ქალი შემოვიდა. ერთი უქმეებისთვის ამდენი შემთხვევა ცოტა უჩვეულო იყო“, – აღნიშნა ვიგიმაამ.
მისივე განმარტებით, ახალგაზრდობაში გაკეთებულ არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან დიდწილად სწორედ 20-30 წლის ასაკში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი განსაზღვრავს ხანდაზმულობაში ადამიანის ჯანმრთელობას.
„30-დან 40 წლამდე ის ასაკია, როდესაც ჩნდება მცირე დარღვევები – ჩხვლეტა გულის არეში, არითმია და მაღალი წნევა. სწორედ მაშინ იწყებენ ადამიანები ჯანმრთელობაზე ფიქრს. პოზიტიური ისაა, რომ ამ ასაკში გულის დაავადებების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება და მათი პრევენცია სავსებით რეალურია“, – განცხადა მან.
„უპირველეს ყოვლისა, ვიყენებთ ყველა არამედიკამენტურ საშუალებას. ეს არის წონის კლება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა, მარილის მიღების შეზღუდვა… ადამიანებმა უფრო მეტად დაიწყეს ჯანმრთელობაზე ფიქრი და ზრუნვა. მამაკაცებმაც, რომელთათვისაც ამ ასაკში რისკი ყველაზე მაღალია (50 წლამდე ასაკში ქალებში რისკი შედარებით დაბალია), უფრო მეტად გააცნობიერეს ამის საჭიროება“.
ჯდომა მოწევის ახალი „ფორმაა“
კარდიოლოგმა ხაზი გაუსვა ხანგრძლივი ჯდომის მავნე ზემოქმედებას და მას „მოწევის ახალი ფორმა“ უწოდა.
რეგულარული ვარჯიში მნიშვნელოვანია, მაგრამ ის მთლიანად ვერ ანეიტრალებს ხანგრძლივი ჯდომისგან მიყენებულ ზიანს. ამიტომ, ექიმები ადამიანებს ურჩევენ, ყოველდღიურად ეძებონ აქტივობის ახალი გზები, მაგალითად, ლიფტის ნაცვლად გამოიყენონ კიბე ან მოაწყონ შესვენებები ხანმოკლე დროით, ფეხით გასეირნების სახით.
„საღამოს სავარჯიშოდ რომც წავიდეთ, 8-10 საათიანი ჯდომის რეჟიმის მავნე ეფექტს თავს მაინც ვერ ავარიდებთ, რაც სისხლის მაჩვენებლებშიც აისახება. აუცილებლად უნდა შევისვენოთ, გავიარ-გამოვიაროთ, სართულებზე კიბეებით ავიდეთ“, – აღნიშნა კარდიოლოგმა.
გარდა ვარჯიშისა, ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და სტრესის შემცირება. ვიგიმაამ ხაზი გაუსვა ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმების აუცილებლობას, რადგან ფარული სიმპტომების მქონე დაავადებები ადრეულ გამოვლენას საჭიროებს.
მაღალი არტერიული წნევა დღეს მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. მის სამკურნალოდ ესტონეთში ყოველწლიურად 350 ათას ადამიანს უწერენ რეცეპტს. ცხოვრების წესის შეცვლით კი შესაძლებელია, ათწლეულებით გადავადდეს დაავადების გაუარესება და მკურნალობის საჭიროება.
ექიმის თქმით, არსებობს მეორე უკიდურესობაც, როდესაც ზოგიერთი ადამიანი თავისი ჯანმრთელობის გამო ზედმეტად შფოთავს.
„ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც თავის მხრივ სტრესს იწვევს. ასეთ ადამიანებთან მუშაობა საკმაოდ რთულია. თუმცა, ეს მაინც სჯობს უვიცობით გამოწვეულ ქცევას, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ ქოლესტერინი ან წნევა მაღალი აქვთ, საგანგაშო არაფერია, რადგან თავს მაინც კარგად გრძნობენ“.
https://news.err.ee/1609997392/cardiologist-sitting-is-the-new-smoking
