მიმდინარე წლის მარტში, ლატვიის შიდა უსაფრთხოების ბიურომ (IDB) სახელმწიფო პოლიციის 6 მოქმედი და 1 ყოფილი თანამშრომელი, ასევე სარიტუალო კომპანიების 4 წარმომადგენელი დააკავა. გამომძიებლები სწავლობენ სავარაუდო სქემას, რომლის ფარგლებშიც, პოლიციელები სარიტუალო ბიუროებს აწვდიდნენ კონფიდენციალურ ინფორმაციას გარდაცვლილებისა და მათი ახლობლების შესახებ. ლატვიის ტელევიზიის პროგრამა „დე-ფაქტოს“ ცნობით, ეს ინფორმაცია კონკრეტულ კომპანიებს კლიენტების მოპოვებაში ეხმარებოდა, თავად პოლიციელები კი, თითოეული ასეთი შეტყობინებისთვის, 150-დან 200 ევრომდე იღებდნენ.
დაკავებული პოლიციელებიდან 4 რიგის პოლიციის განყოფილების აღმოსავლეთ სამმართველოს თანამშრომელია, კიდევ 2 – რიგის პოლიციის რეგიონული სამმართველოს რეაგირების ქვედანაყოფის წარმომადგენელი. კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა სამსახური მიმდინარე წლის იანვარში დატოვა, თუმცა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში ის ჯერ კიდევ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საუბარია თანამშრომლებზე, რომლებიც გამოძახებებზე გადიან და ფლობენ ინფორმაციას გარდაცვლილთა და მათი ახლობლების შესახებ. გამოძიების ვარაუდით, სწორედ ამ მონაცემებს გადასცემდნენ ისინი სარიტუალო ფირმებს. „ეს იყო სისტემატური საქმიანობა, რისთვისაც პოლიციელები 150-დან 200 ევრომდე ანაზღაურებას იღებდნენ. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და საქმის გარემოებების შემოწმებას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, იგორ იაუნროძინშმა.
ექვსი დაკავებული პოლიციელიდან სამი თანამდებობიდან გადაყენებულია, დანარჩენი სამი კი მუშაობას სხვა პოზიციებზე აგრძელებს. საქმე აღძრულია გასული წლის სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა იაუნროძინში არ გამორიცხავს, რომ მსგავსი პრაქტიკა უფრო დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა.
რიგის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, იურის სტალგევიჩუსმა რამდენიმე პოლიციელის დაკავება სახელმწიფო პოლიციისთვის „საგანგებო შემთხვევად“ შეაფასა. მან დაადასტურა, რომ დაკავებულები გამოძახებებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები არიან. რიგის რეგიონში ყოველდღიურად დაახლოებით ათი ისეთი გამოძახება ფიქსირდება, რომლებიც ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება. თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელს არ აქვს უფლება, ახლობლებს კონკრეტული სარიტუალო ბიურო ურჩიოს.
გამოძიება დანაშაულებრივი სქემის რამდენიმე ვერსიას განიხილავს: ინფორმაციის გადაცემას, რაც სარიტუალო ბიუროებს საშუალებას აძლევდა, თავად დაკავშირებოდნენ ნათესავებს, და შემთხვევებს, როდესაც თავად პოლიციელები ცდილობდნენ ახლობლების დარწმუნებას, რომ კონკრეტული სარიტუალო ფორმის მომსახურება აერჩიათ. „დე-ფაქტოს“ ინფორმაციით, საქმეში, სულ მცირე, 16 ეპიზოდია დაფიქსირებული. ვარაუდობენ, რომ თანხა ნაღდი ფულით გაიცემოდა.
მარტის შუა რიცხვებში ასევე დაიწყო პროცესი საქმეში ჩართული იურიდიული პირების მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შედეგები არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს, არამედ კომპანიებსაც შეეხებათ.
„თავდაპირველი რეაქცია ისეთი იყო, თითქოს ეს გასული საუკუნის 90-იანი წლების გამოძახილია. მეგონა, რომ მსგავსი რამ დღეს აღარ იყო შესაძლებელი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, დიმიტრი ტროფიმოვმა.
საქმის ფარგლებში ასევე დაკავებულია სარიტუალო ფირმების ოთხი წარმომადგენელი. არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია „Apbedīšanas birojs ANGEL“ — ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიურო, რომლის ბრუნვამ 2024 წელს 670 ათას ევროს გადააჭარბა. კომპანიამ კომენტარზე უარი თქვა. დეტალური კომენტარისგან თავი შეიკავა მეორე სავარაუდოდ ჩართულმა კომპანიამაც სახელწოდებით „OB birojs“ (ის „Obelisk“-ის სახელით საქმიანობს). მისი მფლობელი, სერგეი კრასნოვი დაკავებულ პოლიციელებთან კავშირს უარყოფს.
კერძო კომპანია „ლურსოფტის“ მონაცემებით, სარიტუალო მომსახურების სფეროში ლატვიაში 230 კომპანია მუშაობს (74 – რიგაში). ბოლო ათი წლის განმავლობაში, სექტორის ფულადი ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა და 8 მილიონი ევროდან (2016 წელი) თითქმის 17 მილიონ ევროს მიაღწია (2024 წელი).
სარიტუალო მომსახურების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზე ეჭვები დიდი ხანია არსებობდა. ასოციაციის ხელმძღვანელმა, მარტინშ შტრეიხფელდსმა განაცხადა: „მიგვაჩნია, რომ გარდაცვლილის „გაყიდვა“ ყოვლად მიუღებელია. არადა, რეალურად ხომ სწორედ ეს ხდება, როდესაც მონაცემები იყიდება? გაიცემა საკონტაქტო ნომერი, რომელზეც ახლობლებს ურეკავენ და ეუბნებიან: მოდით ჩვენთან, ჩვენთან უკეთესია და იაფია“.
ასოციაცია ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ ამ სფეროში ლატვიაში შესაბამისი კანონი, ლიცენზირება და მკაცრი ზედამხედველობა დღემდე არ არსებობს.
https://rus.lsm.lv/statja/novosti/proisshestvija/20.04.2026-150-200-evro-za-umersego-policeiskim-vozmozno-platili-predstaviteli-dvux-poxoronnyx-firm.a643587/?utm_source=GPB&utm_medium=aep&utm_campaign=box&utm_content=logo
