დასავლეთი არ არის დაინტერესებული, ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდეს, მას სჭირდება, ოპოზიციას ქვეყანაში ქარიშხალი ჰქონდეს მოწყობილი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, დასავლეთისთვის ქუჩაა მთავარი ორიენტირი და ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია, რადგან პარტნიორები ქუჩაში ყოფნას აიძულებენ.
„მეჩვენება, რომ უნიკალური სიტუაცია შექმნას ოპოზიციამ. გაჩნდა რაღაც ნიშნები. ხელისუფლებამ აიღო ორიენტაცია მოსახლეობაზე და მიიღო მოსახლეობისგან ის რაოდენობა, რომლითაც მოვიდა ხელისუფლებაში. რაღაცაზე ორიენტაციაზე ხომ უნდა აეღო ოპოზიციას და აიღო მათზე, ვინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს დასავლეთში. გადანაწილდა ეს საყრდენები. დასავლეთი არ არის დაინტერესებული, ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდეს. მას სჭირდება, რომ ამ ოპოზიციას ქვეყანაში ქარიშხალი ჰქონდეს მოწყობილი. „ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მხარეს და არა მთავრობის მხარეს“ – სად ჩანს ეს ქართველი ხალხი, ოპოზიციაში ხომ არ ჩანს, ჩანს ქუჩაში. ფაქტობრივად, დასავლეთისთვის ქუჩაა მთავარი ორიენტირი. მას ოპოზიცია ქუჩაში სჭირდება, პარლამენტში კი არა. ამიტომ არის რთულ მდგომარეობაში ეს ოპოზიცია, რომ პარტნიორები აიძულებენ, ქუჩაში იყოს, მაგრამ ხელისუფლება უდავოდ ენდომება“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
კითხვაზე, ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა რევოლუციური გზით, ქუჩიდან სურს? საყვარელიძემ უპასუხა, რომ სხვა ვარიანტი არ არის.
„ე.ი. რევოლუცია და მიხეილ სააკაშვილმა თქვა კიდეც რევოლუცია. თუმცა ოპოზიციის შიგნით გაჩნდა ტენდენცია, რომ პარლამენტით მოვიდნენ. ასევე, მგონი, უცხოეთიდანაც, ყოველ შემთხვევაში, რაღაც წრეებიდან, გაჩნდა მითითება, რომ სჯობს, საქართველო ნორმალური ქვეყნების რეჟიმში ჩადგეს. ნორმალური ქვეყანა რა არის – უნგრეთს რომ იძახიან, ოპოზიციონერი გამოეყო მმართველ გუნდს, რაც გვინახავს, მერე იარა, ტელევიზიაში ეთერს არ აძლევდნენ, გაზეთები გამოუშვა, იმოქმედა, არ გაჩერდა პასიურად, არცერთი ლანძღვა, გარდა კორუფციისა, რაიმე არაეთიკური არ უთქვამს თავისი ოპონენტის, ორბანის მიმართ. პირიქით, როდესაც ზელენსკიმ შეუტია, ორბანი დაიცვა მისმა ოპონენტმა. ეს ხომ წარმოუდგენელია ჩვენი სინამდვილისთვის. ამით გახდა მომხიბვლელი მადიარი. თავისი სტილით, ორბანის მიმართ დამოკიდებულებით, მოსახლეობის მიმართ ყურადღებით, ბევრი პლუსით. რაც მთავარია, არცერთ პოლიტიკურ ხაზზე უარი არ თქვა. პოლიტიკური მემკვიდრეობითობა შეინარჩუნა უნგრეთის ახალმა პრემიერმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხმა უკვე იცის, საით წავა უნგრეთი მომავალში. ხელისუფლების საჭე გადავიდა ოპოზიციის ხელში. აქ ხომ არავინ იცის, ამ საჭეს რა ბედი ელის, საით წაიყვანენ ქვეყანას. ასეთი უცოდინარობა, ვისთან აქვთ საქმე, გამოწვეულია, რომ მათ საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ ეცალათ. მთელი ეს ხანი ქუჩის ცხოვრებას მოანდომეს და ქუჩაში პროგრამას არავინ ითხოვს. ეს შეიძლება საპარლამენტო ცხოვრებამ მოითხოვოს. ახლა დაიწყეს ამაზე ფიქრი, ხალხთან სიარულზე ფიქრი, მაგრამ რით უნდა იარო ხალხთან?“ – განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ოპოზიციის პოზიციის ცვლილება დასავლეთის პოზიციის მეტ-ნაკლები ცვლილებით არის გამოწვეული.
„ვერ ვიტყვი, რომ ასეთი სითბო ევროპიდან გაჩნდა, ამერიკიდან არის ცოტა სითბო და ყურადღება, ფაქტობრივად, ამერიკამ თქვა, რომ აქ ქაოსი არ სჭირდება. ეს კიდევ უფრო დიდ შანსს აძლევს ევროპელებს, ქაოსი მოაწყონ. ტრამპს რაც არ სჭირდება, მათ აწყობთ, ფაქტობრივად, ისინი იბრძვიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამ პირობებში, მე მაინც მგონია, რომ კლიმატი იცვლება დასავლეთის ასპარეზზე იმისკენ, რომ საქართველო წავიდეს ნორმალური სახელმწიფო მუშაობის რეჟიმისკენ, შეძლებისდაგვარად, ოპოზიციაც ჩაჯდეს ამ რეჟიმში მომავალი არჩევნებისთვის თუ არა, უფრო შორეული მომავლისთვის და შეძლებისდაგავარად გაჩნდეს ახალი პარტიები. ითქვა, რომ ძალიან აგრესიული ფონია – ევროპული აგრესია გაგახსენდება, გილიოტინაზე რომ ჭრიდნენ თავებს, აქ სულხან საბას დონეზეა, რომ სიტყვა უფრო მწარეა, ვიდრე ნაჯახის იარა. ესეც უნდა ჩაქრეს, არ შეიძლება, პარტია ჩაითვალოს მოგებულად, თუკი ის მხოლოდ აგრესიით იგებს. სამწუხაროდ, ეს, მეჩვენება, რომ ამომრჩევლის ბრალია. ამომრჩეველმა თუკი მოითხოვა პოლიტიკოსებისგან ნორმალური სტილი, ისინი დაიცავენ ამ სტილს. დასავლეთს სჭირდება არეულობა და 50 კაციც საკმარისია; თუკი ოპოზიცია იმუშავებს იმაზე, რომ გამარჯვება მოიპოვოს და ხელისუფლებას მიუახლოვდნენ, იქ 50-500 კაცი აღარ არის საკმარისი, სხვა პოლიტიკა გჭირდება და მაგის იმედი მაქვს, რომ დაიბადოს ნორმალური პოლიტიკური დიალოგის საშუალება“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
