ქალაქ შიაულიაის (ლიეტუვა) სასამართლომ დაიწყო 6 უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ მიმართული საქმის განხილვა, რომლებსაც უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო აღჭურვილობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა ედებათ ბრალად.
სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 23 აპრილს გაიხსნა, როდესაც პროკურორმა ტომას ულდუკისმა საბრალდებო დასკვნა წაიკითხა. ექვსი ბრალდებულიდან, რომლებიც ბელარუსის, კოლუმბიის, ესპანეთის, კუბისა და რუსეთის მოქალაქეები არიან, ბრალი არავის უღიარებია. სხდომას ყველა მათგანი პირადად ესწრებოდა.

მომდევნო სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, ათი მოწმის დაკითხვით დაიწყება. პროცესი დახურულია, რათა სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოები დაცული იყოს; ზოგიერთ მოწმეს, სავარაუდოდ, ანონიმურობა მიენიჭება.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, აღნიშნულმა ჯგუფმა, 2024 წლის სექტემბერში ორჯერ სცადა ცეცხლის წაკიდება შიაულიაიში არსებული ფირმა TVC Solutions-ის შენობისისთვის, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რადიოსიხშირული სპექტრის ანალიზის მობილური სადგურები მზადდება. 17 და 22 სექტემბრის ღამეს მომხდარი თავდასხმების სამიზნეს 1.5 მილიონ ევრომდე ღირებულების აღჭურვილობა წარმოადგენდა.
პირველი მცდელობისას, ორმა ეჭვმიტანილმა ადგილზე აალებადი მასალები მიიტანა, თუმცა გამვლელების გამოჩენისთანავე გაიქცნენ. ისინი იმავე დღეს რიგაში, ლიეტუვა-ლატვიის ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს და ლიეტუვას გადასცეს.

მეორე მცდელობისას, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ეგონათ, რომ მიზანს მიაღწიეს. თუმცა, გამომძიებლების თქმით, ზიანი არ დამდგარა, რადგან სამხედრო აღჭურვილობის აალება არ მოხდა.
კუბის მოქალაქე, რომელიც მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, ზიანის შესაფასებლად მივიდა, ქვეყნიდან გასვლამდე დააკავეს. კოლუმბიელი შუამავალი კი, რომელიც ფინანსების განკარგვაშია ეჭვმიტანილი, 2025 წლის მაისში ესპანეთიდან ჩამოიყვანეს. კიდევ ოთხი ეჭვმიტანილი გამოძიების ქვეშ რჩება.
გამომძიებლების ვარაუდით, ოპერაცია რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული და მართული.

ლიეტუვის კანონმდებლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის მაქსიმალური სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთაა.
ეს საქმე ერთ-ერთია ბალტიისპირეთსა და საერთოდ, ევროპაში მომხდარი იმ რამდენიმე შემთხვევიდან, როდესაც 2022 წელს უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა პირს რუსეთის მიერ მართული სავარაუდო დივერსიულ ოპერაციების საქმეზე წაუყენეს ბრალი.
პირველი სხდომა, რომელიც 1 აპრილს იყო დაგეგმილი, მას შემდეგ გადაიდო, რაც გაირკვა, რომ საბრალდებო დასკვნა ბრალდებულებისთვის ესპანურ და რუსულ ენებზე ჯერ ნათარგმნი არ იყო.
