გუშინ ვნახეთ გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადება. მან თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლისთვის, სავარაუდოდ, დასჭირდება ტერიტორიების დათმობა. ასევე, ვიხილეთ მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც კვლავ გაიმეორა, რომ მოლდოვის სახელმწიფოს გაუქმება და რუმინეთის ნაწილად გადაქცევა არის ყველაზე ოპტიმალური გზა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორივე განცხადება გულისხმობს სუვერენიტეტის დათმობას, ევროკავშირში წევრობისთვის სუვერენიტეტის გაუქმებას ან თითქმის სრულად დათმობას და დასძინა, რომ ევროინტეგრაციის უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ქართული გზა.
„მერცის განცხადების შემთხვევაში იგულისხმება, რომ უკრაინას თუ უნდა წევრობა, ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია, სუვერენიტეტი უნდა დათმოს. მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლდოვას ევროკავშირში წევრობა თუ უნდა, არათუ სახელმწიფოს სუვერენიტეტი უნდა დათმოს, არამედ სახელმწიფო გააუქმოს. ჩვენ მაგალითად როდესაც გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა, ვუთხრა ყველას ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ ევროინტეგრაციის უკრაინული და მოლდოვური გზა არ არის ქართული გზა, საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს.
ზუსტად ამას ნიშნავს, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს თვითმიზანი. ეს არის თვითმიზნობის შედეგი. ევროკავშირში წევრობა თუ არის თვითმიზანი, ნიშნავს, რომ უნდა გაწირო შენი ტერიტორიული სუვერენიტეტი, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამიტომაც, სწორედ ამ გაგებით, ევროკავშირის წევრობა არ არის ჩვენი თვითმიზანი, თუ ამის გამო მოგვიწევს, დავთმოთ ტერიტორიები, სუვერენიტეტი, უფლება, თავად განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკა, რასაც უკრაინასა და მოლდოვას, როგორც პირობას, უყენებენ ბრიუსელიდან და თავადაც აღიარებენ, რომ ეს პირობები არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
