აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის გერმანიაში განლაგებული ამერიკული ჯარის ნაწილის გამოყვანას განიხილავს, თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააოცა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ახლა ცდილობენ გაიგონ, ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი და მუქარის სისრულეში მოყვანას მართლა აპირებს, თუ არა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამი წარმომადგენლის განცხადებით, მათ ტრამპის პოსტი სოციალურ ქსელში აღიქვეს ისე, რომ ამერიკა გერმანიიდან ასობით ან ათასობით ჯარისკაცის გაყვანას აპირებს. თეთრი სახლის ლიდერის აღნიშნული განცხადება მკვეთრად ეწინააღმდეგება პენტაგონის მიერ რამდენიმე თვის წინ მომზადებულ ხედვას, რომელიც აშშ-ის გლობალური პოზიციის გაძლიერებას გულისხმობს და სადაც გერმანიიდან ჯარების გაყვანის შესახებ არაფერია ნათქვამი, წერს POLITICO.
„პენტაგონი არ ელოდა და არ აპირებდა ჯარის რაოდენობის შემცირებას“, – განაცხადა ერთ-ერთი კონგრესმენის თანაშემწემ. „თუმცა, ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, იმიტომ, რომ ის ამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც სერიოზულად უყურებდა“.
სააგენტოს ცნობით, საუბარია ტრამპის 2020 წლის ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზე ის გერმანიიდან 12 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანას აპირებდა, თუმცა გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანა.
