შალვა პაპუაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეს ეხმაურება, რომელიც პენიტენციურ სამსახურს ძალადობაში ადანაშაულებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიმდინარე მოვლენებს დეზინფორმაციულ კამპანიას უწოდებს.
პაპუაშვილის თქმით, პატიმარმა ძალადობაზე ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში განაცხადა, თუმცა სახალხო დამცველის აპარატმა ვიდეომასალის შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ თავად პატიმარს სასამართლო პროცესებზე ამაზე არაფერი უთქვამს, თუმცა საკითხი ხელახლა მაინც წამოწიეს. მისივე განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომაც გამოაქვეყნა შესაბამისი კადრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებები აბსურდულია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ კამპანიის უკან დგანან ექსტრემისტული ჯგუფები და მედიასაშუალებები, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
„ეს არის იგივე ხალხი, რომლებსაც აჯერებდნენ და რომლებმაც დაიჯერეს, რომ მარტში, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, კედელზე იყო დახატული ნიშნები, რომლებსაც რაკეტები უნდა მოხვედროდა და დივერსანტები ხატავდნენ და აღმოჩნდა, რომ ვიღაც კატებს ხატავდა. ეს იგივე ადამიანები არიან, ვინც ამბობდა, რომ არჩევნებზე 300 ათასი ადამიანი არსაიდან გაჩნდა და შემდეგ ისევ გაქრა. ეს იგივე ხალხია, ვინც კამიტის ისტორიას იგონებს და იჯერებს. ეს სექტაა, რომელიც ამ სოცმედიაში არის, ერთმანეთს უყურებს და ერთმანეთს აგიჟებს, ერთმანეთს ატყუებენ, შემდეგ იჯერებენ, თავადვე ბრაზდებიან. ბოლოს იჩხუბებენ ერთმანეთში და დაიშლებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
