29 აპრილს, ბრიტანეთის პარლამენტის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია დასრულდა, როდესაც პერებმა, ვისაც ეს სტატუსი მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, ლორდთა პალატაში თავიანთი ადგილები ბოლოჯერ დაიკავეს. ლეიბორისტულმა მთავრობამ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატაში ის 92 ადგილი გააუქმა, რომელსაც არისტოკრატიული ოჯახების წევრი მემკვიდრეობითი პერები იკავებდნენ. ლორდთა პალატაში მათი ყოფნა XV საუკუნიდან იღებს სათავეს. ისინი ატარებდნენ ისეთ ტიტულებს, როგორიცაა ჰერცოგი, ვიკონტი და გრაფი. კანონმდებლებმა მათი დათხოვნა გასულ თვეში დაამტკიცეს, გადაწყვეტილება კი ძალაში 29 აპრილს შევიდა, როდესაც მიმდინარე საპარლამენტო სესია დასრულდა.
ლორდთა პალატის სპიკერმა, მაიკლ ფორსაიტმა, პატივი მიაგო მათ, ვინც პარლამენტის ზედა პალატაში ადგილები დაკარგა. „მიმდინარე სესიის დასასრულს, იმ კეთილშობილ ლორდებს, რომლებიც აქ მემკვიდრეობითი პერობის საფუძველზე იმყოფებიან, პალატის წევრობა შეუწყდებათ. ლორდთა პალატის სახელით, მე პატივს მივაგებ მათ მიერ გაწეულ გამორჩეულ სამსახურს და გულწრფელ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა მან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში არსებული სახელმწიფო ლესოტო ერთადერთი ქვეყანაღა დარჩება მსოფლიოში, რომლის საკანონმდებლო ორგანოშიც მემკვიდრეობითი ელემენტი იარსებებს.
პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ადმინისტრაციამ ამ რეფორმას „ამ თაობის ერთ-ერთი უდიდესი“ ცვლილება უწოდა. ლორდთა პალატა დაახლოებით 800 წევრისგან შედგება, რომელთა უმეტესობა სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდეა დანიშნული. მათ შორის არიან ყოფილი პარლამენტარები, რომლებსაც, როგორც წესი, თანამდებობიდან მიმავალი პრემიერ-მინისტრები ნიშნავენ, ასევე პირები, რომლებიც გამორჩეული საჯარო ან კერძო სექტორში მოღვაწეობის შემდეგ, ლორდთა პალატაში ინაცვლებენ. ზედა პალატაში ასევე შედიან ინგლისის ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, მათ შორის – კენტერბერიის არქიეპისკოპოსი. რამდენიმე მემკვიდრეობით პერს ახლახან უვადო პერის სტატუსი მიენიჭა, რათა მათ პარლამენტის ზედა პალატაში მუშაობის გაგრძელების საშუალება ჰქონოდათ.
1990-იანი წლების ბოლოს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტონი ბლერმა 600 მემკვიდრეობითი პერი დაითხოვა, თუმცა 92 მათგანი შენარჩუნდა, რაც დროებით კომპრომისად იყო მიჩნეული. ზედა პალატის მთავარი ფუნქცია მთავრობის კონტროლია. მას უფლება არა აქვს, არჩევითი თემთა პალატიდან გადმოგზავნილი კანონები გააუქმოს, თუმცა შეუძლია, მათში შეიტანოს ცვლილებები, შეაფერხოს კანონპროექტები და თავად წამოიწყოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. დეპუტატები და რამდენიმე უვადოდ დანიშნული პერი პარლამენტში 13 მაისს დაბრუნდებიან „მეფის სიტყვის“ (King’s Speech) მოსასმენად, როდესაც მთავრობა მომავალი წლის საკანონმდებლო გეგმებს წარადგენს.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters
