პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ცეზარ ტომჩიკის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინის ფრონტზე სამხედრო აღჭურვილობის გამოცდას და სამრეწველო პოტენციალის ერთობლივ განვითარებას გეგმავს. მან ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე დრონების ერთობლივი წარმოების დაწყების შესაძლებლობაც განიხილება.
ამის შესახებ პოლონური გამოცემა Defence24 წერს.
ტომჩიკის თქმით, უკრაინა, „უცხოურ არმიასთან პირდაპირი კონტაქტიდან გამომდინარე“, ამჟამად „უნიკალურ საცდელ პოლიგონს“ წარმოადგენს სამხედრო აღჭურვილობის გამოსაცდელად. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ პოლონური სამხედრო აღჭურვილობა ჯერ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიგონებზე უნდა გამოიცადოს, შემდეგ კი რეალურ პირობებში – ბრძოლის ველზე.
„ეს კარგად დაგვანახებს, რა მუშაობს და რა არა“, – ამბობს ტომჩიკი.
მან ასევე დაადასტურა, რომ პოლონეთი უკრაინასთან ტექნოლოგიური თანამშრომლობის განვითარებისკენ ისწრაფვის, რის მაგალითადაც პოლონური კომპანია WB Electronics-ი დაასახელა, რომელმაც გასული წლის აგვისტოში უკრაინაში FlyEye-ს ტიპის დრონების წარმოება დაიწყო. ტომჩიკმა, ამავდროულად, ხაზი გაუსვა შესაბამისი პროექტების მასშტაბირების აუცილებლობას.
„სამინისტროს მიზანია ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც სიმბიოზზე იქნება დაფუძნებული და საერთო ტექნოლოგიურ უპირატესობას წარმოაჩენს, ამავდროულად კი პრიორიტეტად მებრძოლი მეზობლის მხარდაჭერა დარჩება“, – დასძინა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
პოლონეთში დრონების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობის კომენტირებისას, ტომჩიკმა დაადასტურა, რომ “ასეთი ვარიანტი ნამდვილად არსებობს”. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა პარტნიორობის მიერ კონკრეტული მოდელის შემუშავება, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება და „უკრაინის, როგორც სამხედრო მხარდაჭერის საჭიროების მქონე ქვეყნის მოთხოვნებს გაითვალისწინებს“.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვიში, ევროპული დაფინანსებით, დაიწყო პროექტი “დრონების ფლოტი” (Fleet of Drones), რომლის დროსაც ადგილობრივი კომპანიები და კვლევით ცენტრები უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე მიღებულ საბრძოლო გამოცდილებას გააანალიზებენ.
https://suspilne.media/1300833-polsa-planue-testuvati-svoe-vijskove-obladnanna-na-ukrainskomu-fronti-ta-rozgladae-spilne-virobnictvo-droniv/
