სექსუალური ორიენტაციის შეცვლისკენ მიმართული ეს პრაქტიკა უკვე აკრძალულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის – საფრანგეთში. ახლა ჯერი ევროკომისიაზეა, რომელმაც შესაბამისი დოკუმენტის ტექსტი 17 მაისამდე უნდა შეიმუშავოს.
ოთხშაბათს ევროპარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, – 405 მომხრე, 176 წინააღმდეგი, – მიიღო რეზოლუცია ევროკავშირის ტერიტორიაზე „კონვერსიული თერაპიის“ აკრძალვის შესახებ. ეს საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში მოქალაქეთა ინიციატივით მოხვდა, რომელსაც 2025 წელს მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. საუბარია პრაქტიკაზე, რომელიც გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის შესაცვლელად, მეტ-ნაკლებად იძულებითი მეთოდების გამოყენებას გულისხმობს.
საფრანგეთის სოციალისტური პარტია რეზოლუციის მიღებას პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა და მას „უზარმაზარ გამარჯვება“ და „ძლიერი სიგნალი“ უწოდა. „ეს გამარჯვებაა!“ – X-ზე ამ სიტყვებით მიულოცა საკუთარ თავს ევროპარლამენტარმა მანონ ობრიმ („დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ – LFI – La France insoumise ), რომელიც „კონვერსიული თერაპიის“ პრაქტიკას „ბარბაროსობად“ მიიჩნევს. „ჯორდან ბარდელამ თავი შეიკავა. მას მოუწევს ამაზე პასუხისგება“, – აღნიშნა იმავე სოციალურ ქსელში ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, კლემანს გეტემ ( ასევე LFI). „შეგახსენებთ: გაერო „კონვერსიულ თერაპიას“ წამების აქტის ტოლფასად მიიჩნევს“, – დასძინა მან.
„დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ბრალდებებს „ეროვნული გაერთიანების“ (RN) დეპუტატმა, ჟან-ფილიპ ტანგიმ უპასუხა. „RN, რა თქმა უნდა, ჰომოსექსუალთა კონვერსიული თერაპიის წინააღმდეგია“, – დაწერა მან X-ზე. „ჩვენ თავი შევიკავეთ, რადგან არ გვინდა, რომ საფრანგეთმა, სოციალური საკითხების გადაწყვეტისას, სუვერენიტეტი დაკარგოს“, – განმარტა მან.
ახლა ბურთი ევროკომისიის მოედანზეა, რომელმაც დოკუმენტის ტექსტის პროექტი 17 მაისამდე უნდა წარადგინოს. „ჩვენ ვაგრძელებთ მობილიზებას“, – განაცხადა სოციალისტმა ევროპარლამენტარმა, ემა რაფოვიჩმა, რომელიც ევროპარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. „წნეხი იზრდება“, – თავის მხრივ, აღნიშნა მანონ ობრიმ.
https://www.franceinfo.fr/societe/lgbt/le-parlement-europeen-adopte-une-resolution-pour-interdire-les-therapies-de-conversion-au-sein-de-l-union-europeenne_7974074.html
