ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელი ბერნდ ლანგე მიუღებლად მიიჩნევს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ტარიფების გაზრდის შესახებ.
ლანგე შეერთებულ შტატებს არასანდო სავაჭრო პარტნიორს უწოდებს.
„ტრამპის გეგმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მიუღებელია. ევროპარლამენტი კვლავ იცავს შოტლანდიის შეთანხმებას და კანონმდებლობის დასრულებაზე მუშაობს. მაშინ, როდესაც ევროკავშირი ვალდებულებებს ასრულებს, ამერიკული მხარე მათ სისტემატურად არღვევს“, – წერს ლანგე სოციალურ ქსელში.
როგორც ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელმა განმარტა, ამერიკული მხარე თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების მიმართ.
მისი შეფასებით, ევროკავშირმა სიმტკიცე უნდა შეინარჩუნოს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე მომავალი კვირიდან ტარიფებს ზრდის. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ტარიფები იზრდება, რადგან ევროკავშირი არ ასრულებს აშშ-თან სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას.
