იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საკანონმდებლო ცვლილებების გამო საქართველო კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული.
„თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას მაშინ, როდესაც საქართველო მათი მხრიდანაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო მოქცეული იმის გამო, რომ ანალოგიური შინაარსის საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ეს წარმოაჩენს, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან და იმას, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათი აზრით, საქართველო არის მეორეხარისხოვანი სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს იმის უფლება და პრეროგატივა, რომ შექმნას სათანადო სამართლებრივი გარანტიები სუვერენიტეტის დასაცავად. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის, ქართველი ერისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.
