ძლიერი წვიმის შედეგად ბრაზილიაში, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
სტიქია განსაკუთრებით შეეხო პერნამბუკოსა და პარაიბას შტატებს.
პერნამბუკოში ძლიერი ნალექის გამო წყალდიდობა და მეწყერი დაფიქსირდა შტატის დედაქალაქ რესიფესა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
ოფიციალური მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა რესიფეში, ორი კი ახლომდებარე ქალაქ ოლინდაში, ხოლო დაახლოებით 1 500 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. პარაიბაში დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო სტიქიის შედეგად დაახლოებით 1 800 ადამიანი დაზარალდა.
ბრაზილიის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში საგანგებო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
