ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ევროპელ კოლეგებს სატელეფონო საუბრისას კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით ირანის ხედვა გააცნო.
ირანული მხარის ინფორმაციით, არაღჩიმ საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ირანის მიზანი ვითარების დეესკალაციაა.
ამავდროულად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპის ქვეყნების მიდგომა ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ და განაცხადა, რომ ისინი კონსტრუქციულად არ მოქმედებენ. მისივე თქმით, ირანის პოზიციით, ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი. მისი თქმით, აბას არაღჩისთან ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
როგორც ტაიანი სოციალურ ქსელში წერს, იტალიის მთავრობა შეშფოთებულია რეგიონში მზარდი დაძაბულობით და მიიჩნევს, რომ აუცილებელია სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილება. მისი თქმით, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის გაძლიერება და ჰორმუზის სრუტის გახსნა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი სამხედრო მიზნებით განვითარება მიუღებელია და წარმოადგენს „წითელ ხაზს“.
„ირანმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა „ჰეზბოლაზე“, რათა შეწყდეს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმები და ლიბანში მშვიდობას მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ“, – წერს ტაიანი.
მისივე თქმით, იტალია განაგრძობს საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას, ინარჩუნებს დიალოგს ყველა მხარესთან და ცდილობს რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას.
