ჩინეთში სასამართლომ თანამშრომლის მხარე დაიჭირა საქმეში, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდეს შრომის ბაზარზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენის რეგულირების თვალსაზრისით.
ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
ჰანჯოუს მეორე ინსტანციის სახალხო სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიებს არ აქვთ უფლება, მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველზე, თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლონ ან მათი დასაქმების პირობები მნიშვნელოვნად შეცვალონ.
საქმე შეეხებოდა ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომელს, რომელიც ხარისხის კონტროლის სპეციალისტად მუშაობდა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების შედეგების შემოწმებაზე იყო პასუხისმგებელი. მისი ფუნქციების ავტომატიზაციის შემდეგ, დამსაქმებელმა, თავდაპირველად, ის დააქვეითა და ხელფასი 40%-ით შეუმცირა.
როდესაც თანამშრომელმა უარი თქვა, ახალ პირობებს დათანხმებოდა, კომპანიამ ის საერთოდ გაათავისუფლა, რაც ხელოვნური ინტელექტის დანერგვით გამოწვეული შტატების შემცირებით ახსნა. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს საფუძველი შრომის კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა, რადგან რეალურ ეკონომიკურ საჭიროებებთან ან ოპერაციულ პრობლემებთან არ იყო კავშირში.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიური პროგრესი თავისთავად ვერ გახდება შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან ხელფასის შემცირების საფუძველი. სასამართლომ კომპენსაციის შესახებ თანამშრომლის სარჩელიც დააკმაყოფილა.
https://suspilne.media/1303939-istoricne-risenna-v-kitai-sud-zahistiv-pracivnikiv-vid-zvilnen-cerez-si/
