ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთი ამზადებს 20 გემისაგან შემდგარ ფლოტილიას, რათა ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადოს. ეს ბადებს შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეს იმ ფონზე, როდესაც დიპლომატები დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ.
ყოველდღიური გამოცემა „იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალები თურქული ფლოტილიის შესაჩერებლად ემზადებიან, რომელიც ღაზისკენ მიემართება. პარალელურად დიპლომატები, კულისებს მიღმა, პოტენციური შეიარაღებული შეტაკების თავიდან აცილებას ცდილობენ.
თურქეთიდან გასასვლელად დაახლოებით 20 გემი ემზადება, რასაც „თურქეთის ჰუმანიტარული დახმარების ფონდი“ უწევს ორგანიზებას. ეს იგივე ჯგუფია, რომელიც 2010 წელს გემ „მავი მარმარასთან“ დაკავშირებული ინციდენტის უკან იდგა. მაშინ ისრაელის სპეცრაზმი თავს დაესხა ღაზისკენ მიმავალ ფლოტილიას, რის შედეგადაც ცხრა თურქი აქტივისტი დაიღუპა. ამ ინციდენტის შემდეგ, თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა; ეს ურთიერთობები მხოლოდ 2016 წლის ივნისში, მას შემდეგ აღდგა, რაც ისრაელი დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისრაელი, ფლოტილიის გამგზავრების აღსაკვეთად, დიპლომატიურ არხებს იყენებს. „იერუსალიმ პოსტი“ იუწყება, რომ თურქეთის ტერიტორიულ წყლებთან სიახლოვე მნიშვნელოვნად ზრდის დაპირისპირების რისკს.
ფლოტილიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და ისრაელის საზღვაო ბლოკადის სიმბოლური გარღვევა. ისრაელი ამტკიცებს, რომ ბლოკადა კანონიერია, თუმცა ეს მოსაზრება, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, სადავოდ მიიჩნევა .
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, ისრაელის ძალებმა, კრეტას დასავლეთით, პროპალესტინური ფლოტილია შეაჩერეს, დაახლოებით 100 გემიდან 20 დააკავეს და 175 აქტივისტის დეპორტაცია მოახდინეს. მსგავსი ოპერაცია, რომელიც „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ მიერ 2025 წლის შემოდგომაზე იყო ორგანიზებული და რომელშიც თითქმის 500 ადამიანი მონაწილეობდა, ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ასევე აღკვეთეს, აქტივისტები დააკავეს და მოგვიანებით, მათი დეპორტაცია განახორციელეს.
წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)
