კულტურის მინისტრმა თიკა რუხაძემ მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.
„ოჯახი იყო, არის და იქნება ჩვენი სიმტკიცის, სიყვარულისა და იდენტობის მთავარი საყრდენი. წელს ამ დღეს განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს, რადგან ოჯახის სიწმინდის დღეს პირველად აღვნიშნავთ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე – იმ ადამიანის გარეშე, ვისი ინიციატივითაც დაარსდა ეს დღესასწაული.
დღეს აქ შეკრებილი ადამიანები ადასტურებენ, რომ ტრადიცია ცოცხალი ღირებულებაა, რომელსაც თაობები დიდი სიყვარულით აგრძელებენ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთობა და მზაობა, რომ მშვიდობიანად, ღირსეულად და ესთეტიკურად გამოვხატოთ პატივისცემა ოჯახის, მშობლების, უფროსი თაობისა და ჩვენი ქრისტიანული მრწამსის მიმართ. საქართველოს და ჩვენი ხალხის ძალა ყველაზე უკეთ სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ერთგულნი ვრჩებით, ვიცავთ ოჯახურ სიწმინდეს, ვუფრთხილდებით რწმენას და ერთმანეთის გვერდით ვდგავართ.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ დღეს აქ უამრავი ახალგაზრდა, ახალი თაობის წარმომადგენელია შეკრებილი, რაც კიდევ ერთი გარანტია იმისა, რომ მტკიცედ გრძელდება ის სულიერი და კულტურული ხაზი, რომელიც ჩვენს ერს საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისთვის. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან დღეს“, – ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.
