ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან დიალოგის მზაობა მუდმივად ხაზგასმულია, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა „დღის ქრონიკაში“.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპელი ლიდერებისთვის განკუთვნილ ღია წერილზე და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა. კერძოდ, ჟღენტმა უარყო ოპოზიციის განცხადებები, რომ პრემიერის ღია წერილი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. დიპლომატის განმარტებით, ეს იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას დაენახა და მოესმინა ირაკლი კობახიძის პასუხი და ასევე იმისთვის, რომ ევროპის ლიდერებსა და ევროკავშირის ბიუროკრატიამ მოისმინოს საქართველოს პოზიცია.
„ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან დიალოგის მზაობა მუდმივად ხაზგასმულია. ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის მხრიდან მუდმივად იმაზეა საუბარი, რომ მზად ვართ თანასწორი და ურთიერთსასარგებლო დიალოგისთვის. ამიტომ ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ჩვენ დიალოგი არ გვინდა. ევროკავშირის მხრიდან რაც მომდინარეობს ჩვენი მისამართით, ჩვენი მთავრობა ამას შესაბამისად პასუხს სცემს იმ ხალხის სახელით, ვინც ეს მთავრობა აირჩია და ვინც ქვეყანას მართავს. მე ასე მგონია, რომ ძალიანაც სწორს აკეთებს.
ამიტომ, ასეთ განცხადებას უნდა ჰქონდეს არგუმენტირებული დასაბუთება, რაც ოპოზიციას არ აქვს და არც არასდროს ჰქონია რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება. ამიტომ, იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შიდა მოხმარებისთვისაა, არასწორია. ასეთი განცხადებები შიდა მოხმარებისთვისაც არის, რადგან საგარეო პოლიტიკა ყოველთვის საშინაო პოლიტიკაზეა დაშენებული. ყოველთვის საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა, ეს ცნობილი ამბავია პოლიტიკაში და დიპლომატიაში. მაგრამ ეს იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას დაენახა და მოესმინა ეს პასუხი და ასევე იმისთვის, რომ ევროპის ლიდერებსა და ევროკავშირის ბიუროკრატიასაც მოესმინათ ჩვენი პოზიცია, – აღნიშნა ჟღენტმა.
დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.
კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართა.
დანიის მხარეს მოვლენების შესაფასებლად „ქრონიკამაც“ მიმართა, რაზეც „იმედს“ დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა, რომ პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე.
