თეირანს არ აქვს ნდობა შეერთებული შტატების მიმართ და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში არასდროს დაიხევს უკან თავისი ეროვნული უფლებებისგან, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღარ ყალიბაფმა პაკისტანის არმიის მეთაურთან, ასიმ მუნირთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ირანის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა ბრძოლის ველზე ირანის მამაცურ და ძლიერ თავდაცვის ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ქვეყანა დიპლომატიურ ფრონტზე ინტელექტითა და ძალით იბრძოლებს კანონიერი უფლებების რეალიზებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად.
„სამხედროებმა მშვიდობის ფასი სხვებზე უკეთ იციან, მაგრამ ისინი არასდროს დაუშვებენ, რომ მათი ქვეყნის ღირსება და უფლებები შელახონ“, – აღნიშნა მან.
ირანის პარლამენტის სპიკერმა აშშ დაადანაშაულა ომის დაწყებაში, ვიდრე ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ყალიბაფი ასევე გამოეხმაურა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განახლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ზავის პერიოდი ძალების აღსადგენად გამოიყენეს.
„ტრამპი თუ სულელურად მოიქცევა და ომს განაახლებს, ეს ნამდვილად უფრო დამანგრეველი და მწარე იქნება ამერიკისთვის, ვიდრე ომის პირველი დღე“, – აღნიშნა ირანელმა მთავარმა მომლაპარაკებელმა.
