ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტი საქართველოში არ არსებობს და ისინი ვერანაირ ასეთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დაასახელებენ, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, გამოცემულ სტატიას სადაც ამერიკული მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს.
„ის, რომ ამბობს, თითქოსდა თბილისი უახლოვდება თეირანს, ეს არის პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მისი მიზანია ქვეყნის რეპუტაციის შელახვა, ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის პროცესების გამწვავება. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია“, – აღნიშნა ბერაძემ.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების – ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.
კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.
