შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გიორგი კანდელაკმა კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალეკო ტაბატაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ალეკო ტაბატაძე გამოეხმაურა გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით სტატიის გამოქვეყნებას.
„გიორგი კანდელაკს მსგავსი განცხადება პირველად არ გაუკეთებია, ეს მოღალატეობრივი განცხადებაა, რომელიც სინამდვილეს არ ეფუძნება. არ ვიცი, შენი ქვეყანა როგორ არ უნდა გიყვარდეს, რომ მსგავსი განცხადება გააკეთო. ამ განცხადებაზე ყველანაირი რეაგირება იქნება, მათ შორის სამართალდამცავების მხრიდან. ადამიანს თავისი ქვეყანა ასე სძულდეს და ტყუილებს ავრცელებდეს, წარმოუდგენელია. შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მან კანონის წინაშე პასუხი გასცეს დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ ავრცელებს. საქართველო, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ფრთხილ და დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს როგორც სამეზობლოში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით“, – განაცხადა ტაბატაძემ.
