ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა.
„მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე”, – წერს სააკაშვილი.
სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს „მაოხრებელი გზირი“ უწოდა.
„მაოხრებელი გზირი! ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა”, ვისაც მთელი ღამე თბილად და მშვიდად ეძინა. გეგონება, მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ჰყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა, რომ წასულიყვნენ. მოკლედ, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება და რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ ასეთ სისულელეს იზამ”, – დაწერა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
