სისტემურ დანაშაულზე უადგილოა საუბარი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც პირდაპირ მკვლელობები ჩაიდინეს ქუჩაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გიორგი ვოლსკი გორში მომხდარი მძიმე ინციდენტის შესახებ ოპოზიციის სპეკულაციებს გამოეხმაურა.
„დანაშაულის ჩადენა კატეგორიულად მიუღებელია და სისტემურ დანაშაულზე, რასაკვირველია, უადგილოა საუბარი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც არათუ სისტემური ხასიათი მისცეს ძალადობას, არამედ პირდაპირ მკვლელობები ჩაიდინეს ქუჩაში და უამრავი ახალგაზრდა პოლიციელი გარყვნეს იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა.
გორში მომხდარი მძიმე ინციდენტი პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა კვლავ სპეკულაციებისთვის გამოიყენა, რასაც გორის პოლიციის განყოფილებასთან ოპოზიციურად განწყობილთა პროტესტიც მოჰყვა. მმართველი გუნდის ოპონენტებმა მომხდარს სისტემური უწოდეს, რასაც სახელისუფლებო გუნდმა არგუმენტები დაუპირისპირა.
