რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსული დრონის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომა მოიწვია.
როგორც დანმა აღნიშნა, ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები უკრაინის წინააღმდეგ რუსული ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან რუმინეთის ტერიტორიაზე მომხდარი „ყველაზე სერიოზული ინციდენტის შედეგებზე იმსჯელებენ“.
„რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით პროპორციულ ზომებს მივიღებთ… მოვლენის უპრეცედენტო შინაარსი საჭიროებს გაბედულ, კოორდინირებულ და ადეკვატურ რეაქციას, როგორც ეროვნულ, ისე სამეკავშირეო და საერთაშორისო დონეებზე. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ამ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება“, – დაწერა დანმა.
მისივე თქმით, რუმინულმა მხარემ საქმის კურსში უკვე ჩააყენა ნატოს მოკავშირეები. გარდა ამისა, ოფიციალური ბუქარესტი პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაძლიერებას სთხოვს. რუმინეთი აგრეთვე აპირებს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გაეროს აცნობოს.
„რუმინეთი ნატოს წევრია და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ აგრესიული ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა, მის მოქალაქეებს შეეხოს. ეროვნული ტერიტორიის და რუმინეთის მოქალაქეების დაცვა ჩემი უზენაესი ვალია, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ეს არის ვალი, რომლის აღსრულებას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვაპირებთ დღეს და ყოველდღე. ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, გვიან ღამით რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
