დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობაზე თუ ვინმე არ უნდა საუბრობდეს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“.
მისი თქმით, სახელმწიფომ მომხდარზე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, მყისიერი რეაგირება მოახდინა.
„თუ ვინმემ არ უნდა იაქტიუროს და არ უნდა ისაუბროს აღნიშნულ თემაზე, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“, რადგან ყველას გვახსოვს, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რა პროცესები მიდიოდა, რა პრობლემების წინაშე იდგა ქართველი ხალხი და, ზოგადად, მთლიანად ქვეყანა.
რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე სანახავი იყო ყველაფერი, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კარგია ის, რომ მომხდარი გასაჯაროვდა.
„კარგია, რომ ეს ფაქტი გასაჯაროვდა და ამას მოჰყვა სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედა მყისიერად“, – განაცხადა თბილისის მერმა.
