ავსტრიის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სავარაუდოდ ებოლას ცხელებით დაავადებული პაციენტი კარანტინში მოათავსეს. მას სასიკვდილო ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
მედია ავსტრიის ჯანდაცვის ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ პაციენტი უგანდიდან ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც მას ვირუსის ამჟამინდელი შტამის – “ბუნდიბუგიოს” ნიშნები გამოუვლინდა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. სტატისტიკის თანახმად, ვირუსით ინფიცირებულთა 50% კვდება.
“გუშინ, ურფარ-უმგებუნგის რაიონის მცხოვრები დაავადების სიმპტომების გამო საავადმყოფოში, სტაციონარული გამოკვლევისთვის მოათავსეს. რადგან მამაკაცი ორშაბათს უგანდიდან დაბრუნდა – ქვეყნიდან, სადაც ამჟამად ებოლას აფეთქება მიმდინარეობს, ის იზოლირებულია და სამედიცინო რეკომენდაციების შესაბამისად მკურნალობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
dailymail-ი ავსტრიულ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სისხლის პირველადი ანალიზით ვირუსის ნიშნები არ გამოვლინდა, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 220-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
თუმცა, სანამ მედიკოსები ინფექციის არარსებობის დამადასტურებელი მეორე ტესტის შედეგებს არ მიიღებენ, პაციენტი საავადმყოფოში, იზოლაციაში უნდა დარჩეს.
