ვაშინგტონის საოლქო სასამართლომ ჯონ კენედის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრისთვის სახელის შეცვლა და მისთვის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელის დარქმევა აკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, ცენტრის სახელის შეცვლა მხოლოდ კონგრესს შეუძლია.
მოსამართლემ კრისტოფერ კუპერმა ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, 14 დღის განმავლობაში ცენტრის შენობიდან მოხსნას წარწერა, რომელიც მიუთითებს, რომ ის ტრამპის სახელს ატარებს. გარდა ამისა მოსამართლემ აშშ-ის ხელისუფლებას დაავალა ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღოს ყველა ჩანაწერი, სადაც დაწესებულება აღნიშნულია, როგორც „ტრამპი-კენედის ცენტრი“.
მოსამართლემ აგრეთვე შეაჩერა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ორწლიანი მასშტაბური რეკონსტრუქციის საბაბით ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საჭირო სარემონტო სამუშაოები შენობაში უნდა ჩატარდეს.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად ტრამპი. მან მას შოკისმომგვრელი უწოდა, ხოლო მოსამართლეს მიუკერძოებლობა დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს იყო დანიშნული.
კენედის სახვითი ხელოვნების ცენტრი 1971 წელს აშშ-ის მოკლული პრეზიდენტის ჯონ კენედის პატივსაცემად დაარსდა. 2025 წელს ტრამპმა ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოში თავისი ორი მომხრე დანიშნა და თავადაც გაწევრიანდა. მოგვიანებით განახლებულმა სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ცენტრს ტრამპი-კენედის სახელი დაარქვა.
