მელია და სააკაშვილი არიან ერთი ჯოხის ორი ბოლო. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ შემთხვევაში არაფერი იცვლება, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, მათ შორის დაპირისპირებები მუდმივ რეჟიმში იქნება – წინასაარჩევნოდ, ახლაც და არჩევნების პერიოდშიც.
„ესენი საერთო ენას ვერ ნახავენ, რადგან ისინი ქვეყანაზე და ქართველ ხალხზე არ ფიქრობენ. ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე. აქ არის [დაპირისპირება], ვინ იქნება ფლაგმანი და ლიდერი ამ გაერთიანების.
სააკაშვილი პოზიციებს არ თმობს. ეს ცალსახაა და ფაქტია და ალბათ, ეს არ მოსწონთ მელიასა და სხვა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. სააკაშვილის ლანძღვა-გინებით ყველა გამოირჩევა. სააკაშვილი რომ დისკრედიტირებულია, ჩვენი ქვეყნის მტერია და ამაოხრებელია და რასაც აკეთებდა 9 წლის განმავლობაში თავად და მისი პარტია, მელიებითა და ამ გაერთიანებული ოპოზიციით, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ახლა არის პოზიციონირება, ვინ იქნება ფლაგმანი და წამყვანი. სააკაშვილი წლების განმავლობაში პოზიციებს ციხიდანაც არ თმობს, არაერთ განცხადებას აკეთებს და დისკრედიტაციას ახდენს დანარჩენი ოპოზიციური პარტიის იმ შემავალ გაერთიანებაში, ზუსტად ეს არის ამ დაპირისპირების მიზეზი“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
