აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით საუბრისას მწვავედ გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მას „გიჟი“ უწოდა. ინფორმაციას სააგენტო Axios-ი ინფორმირებულ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუს მოსთხოვა, რომ ისრაელი ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს და განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მასთან ვალშია, ციხეში რომ არ მოხვდა.
ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპმა ნეთანიაჰუს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შენ გიჟი ხარ. მე რომ არა, ციხეში იჯდებოდი. მე გიშველე. ახლა ყველას სძულხარ. ამის გამო ყველას სძულს ისრაელი“.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა იცის, რომ „ჰეზბოლამ“ ისრაელს არაერთხელ ესროლა და იერუსალიმს პასუხის გაცემის უფლება აქვს, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო დღეებში არაპროპორციულად უპასუხეს, რაც საფრთხეს უქმნის ვაშინგტონის ძალისხმევას, უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირანთან – რაც ლიბანში ზავის დადებას განაპირობებს.
ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუზე „ზეწოლა განახორციელა“ და „ბიბიმ მას უთხრა: „კარგი, კარგი, უბრალოდ დარწმუნდი, რომ ყველაფერი მოგვარებულია“, – განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Axios-ს.
წყაროების თქმით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მან ის ციხეში მოხვედრას გადაარჩინა, რითაც მიანიშნა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისადმი ნეთანიაჰუს შეწყალებასთან დაკავშირებით მის საჯარო თხოვნაზე. აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სასამართლოში საქმეა აღძრული.
