დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, უკრაინაში პოლონეთის ყოფილმა ელჩმა, ბარტოშ ჩიხოცკიმ უკრაინას ღირსების ორდენი უკან დაუბრუნა. პოლონელი დიპლომატის თქმით, მეორე ხარისხის ღირსების ორდენი მას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის გადასცა.
ბარტოშ ჩიხოცკიმ, რომელიც 2019 წლიდან 2023 წლამდე პოლონეთის ელჩი იყო კიევში დასძინა, რომ ის გააგრძელებს უკრაინელების მხარდაჭერას, რომლებიც ებრძვიან რუსეთის შეჭრას, ისტორიის დამახინჯებას და კორუფციას.
ეს ნაბიჯი ვარშავასა და კიევს შორის მზარდი დიპლომატიური უთანხმოების ფონზე გადაიდგა, მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ 26 მაისს გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ელიტარულ სპეციალური ოპერაციების დანაყოფს „უკრაინის ამბოხებულთა არმიის გმირების“ საპატიო წოდება მიანიჭა.
პოლონური მედიის თანახმად, „უკრაინის ამბოხებულთა არმია“, რომელსაც ბევრი უკრაინელი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლად მიიჩნევს, პოლონეთში ვოლინსა და აღმოსავლეთ გალიციაში ომის დროს ეთნიკური წმენდის პასუხისმგებელ სუბიექტად მიიჩნევა, რომლის დროსაც პოლონელი ისტორიკოსების შეფასებით 1943-1945 წლებში 100 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ზელენსკის გადაწყვეტილება პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გააკრიტიკა და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს პოლონეთის უმაღლესი ჯილდოს – თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევით დაემუქრა, რომელიც მას 2023 წელს გადაეცა.
