რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება, რადგან პარლამენტმა ახალი მთავრობა ვერ დაამტკიცა. მემარჯვენე ცენტრისტმა პოლიტიკოსმა, ადრიან ვესტეამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის დასაკავებლად საჭირო 233 ხმის მოპოვება ვერ შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
პოლიტიკოსის მიერ შემოთავაზებულ კაბინეტს მხოლოდ 189 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. ვესტეა მეორე პოლიტიკოსია, რომელიც პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა მთავრობის ფორმირებისთვის დანიშნა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ილიე ბოლოიანი გასული წლის მაისში უნდობლობის კენჭისყრის შედეგად თანამდებობიდან გადააყენეს.
რამდენიმე კვირით ადრე კიდევ ერთმა კანდიდატმა, ევგენ ტომაკმა, ანალოგიურად ვერ შეძლო ქვეყნის პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება. ახლა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, ვის წარადგენს მთავრობის ფორმირების მესამე კანდიდატად.
დღეს ნიკუშორ დანი რუმინეთის ყველა პარტიის წარმომადგენლებს ხვდება ახალი კანდიდატის განსახილველად. რუმინეთის პრეზიდენტი მომდევნო 60 დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატს თუ არ დაასახელებს, შესაძლოა, ახალი არჩევნები დაინიშნოს.
დასავლური მედიის თანახმად, ვინაიდან ევროსკეპტიკური „რუმინელთა კავშირის ალიანსი“ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პარტიად ითვლება, პრეზიდენტისგან მოსალოდნელია, რომ ყველაფერს გააკეთებს ახალი არჩევნების თავიდან ასაცილებლად, რადგან ის რუმინეთის პროდასავლური კურსის შენარჩუნებას ემხრობა.
