ავსტრალიამ განაცხადა, რომ ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია OpenAI-ის AI (ხელოვნური ინტელექტი) აგენტმა ივნისში მთავრობის ჯანმრთელობის მონაცემთა პორტალი გატეხა და ფაილებზე უნებართვო წვდომა მოიპოვა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ეს შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის აგენტის მიერ სამთავრობო ვებგვერდის გატეხვის პირველი ცნობილი შემთხვევა იყოს.
„ამჟამად არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ქსელის უფრო ფართო მასშტაბით კომპრომეტირება არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, ეს ვითარება, ცხადია, მიუღებელია“, – განუცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ ჟურნალისტებს ნიუ იორკში, სადაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ესწრება.
ალბანეზეს განცხადებით, გამოძიება გრძელდება და ავსტრალიამ OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორ სემ ალტმანთან ინციდენტთან დაკავშირებით „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა.
მისივე თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ კომპანიამ ავსტრალიის მთავრობას ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდა.
„10 სექტემბრამდე არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია“, – განაცხადა ალბანეზემ.
მისივე განმარტებით, გამოძიებამ ასევე უნდა დაადგინოს, რატომ ვერ შეძლეს სამთავრობო სისტემებმა თავდაპირველად დარღვევის აღმოჩენა.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იმავე დღეს, როდესაც მსოფლიოს წამყვანმა ხელოვნური ინტელექტის კომპანიებმა გაერო-ს უშიშროების საბჭო გააფრთხილეს იმ საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა, AI-მ კაცობრიობას შეუქმნას და მთავრობებს სულ უფრო მძლავრი ტექნოლოგიის მართვის მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.
ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის აგენტებთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
OpenAI-ის გარდა, საკუთარი AI აგენტების მიერ გარე სისტემებზე წვდომასთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს კომპანია „ანთროფიკმა“, „გუგლმა“ და „მეტამ“.
