ევროპარლამენტარების ჯგუფი FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს საქმიანობის გამოძიებას ითხოვს, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით გააუქმა აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელის ფოლარინ ბალოგანის მიერ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღებული დისკვალიფიკაცია. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები, ხომ არ მოახდინა FIFA-ს გადაწყვეტილებაზე გავლენა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
Euronews-ის ინფორმაციით, ევროპარლამენტის წევრთა ჯგუფმა გუშინ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც ინფანტინოს როლის გამოძიებას ითხოვს. ევროპარლამენტში გავრცელებულ წერილში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს მოუწოდებენ, FIFA-გან გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და შესაძლო პოლიტიკური ჩარევის ოფიციალური გადახედვა მოითხოვონ.
ბალოგანმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია, 1 ივლისს ბოსნია და ჰერცეგოვინის წინააღმდეგ მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რაც მოქმედი წესებით ავტომატურად მომდევნო შეხვედრის გამოტოვებას ითვალისწინებს.
თუმცა, ორშაბათს FIFA-მ ბელგიის წინააღმდეგ მატჩისთვის მისი დისკვალიფიკაცია გააუქმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპი, რომელსაც ინფანტინოსთან წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, FIFA-ს პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა.
FIFA-მ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ორგანიზაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიო ჩემპიონატების თანამედროვე ისტორიაში, როდესაც ტურნირის მიმდინარეობისას მიღებულ წითელ ბარათს ავტომატურად დისკვალიფიკაცია არ მოჰყოლია.
მიუხედავად ამისა, აშშ-ის ნაკრები ბელგიასთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
ევროპარლამენტარებმა ბარი ენდრიუსი, ლარა უოლტერსი და ნილს ფუგლსანგი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ FIFA-ს გადაწყვეტილება „ტურნირის მიმდინარეობისას წითელი ბარათის წესის შეცვლის შესახებ სირცხვილია და სამართლიანობის უხეში დამახინჯებაა“.
„კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ დაემორჩილნენ ინფანტინო და FIFA ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ პეტიციას ამ დროისთვის კიდევ 35 ევროპარლამენტარი შეუერთდა.
