დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ორშაბათს შეთანხმდნენ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებაზე – აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ უახლოეს საათებში ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ პრეტენზიას არ გამოთქვამს, – წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩების შეთანხმება გარიგების ნაწილი გახდა, რომელიც ათასობით სხვა რუსი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის სანქციების სამი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს, რაც გაცილებით ხანგრძლივი ვადაა, ვიდრე სტანდარტული 6 ან 12-თვიანი პერიოდი.
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის გაოცებისა და უკმაყოფილების მიუხედავად, ამ თვეში საფრანგეთი სლოვაკეთს შეუერთდა მოთხოვნაში, რომ სანქცირებულთა სიიდან ამოეღოთ მილიარდერი უსმანოვი. დიპლომატების ცნობით, ამის შემდეგ ლუქსემბურგმა რუსი ბიზნესმენის, ფრიდმანის სანქციების სიიდან ამოღება მოითხოვა.
საფრანგეთმა ევროკავშირს უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა მას შემდეგ მოუწოდა, რაც, პარიზის განცხადებით, ზეწოლა განიცადა აზერბაიჯანის მხრიდან, რომელსაც საფრანგეთის, სულ მცირე, ორი მოქალაქე ჰყავს დაკავებული. ამის შესახებ სამმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა Reuters-ს გასულ კვირას. პარასკევს მაღალი რანგის აზერბაიჯანელმა დიპლომატმა ეს ბრალდებები უარყო.
საფრანგეთს საჯაროდ არ დაუდასტურებია, რომ ევროკავშირისგან უსმანოვისთვის სანქციების მოხსნას ითხოვდა. აღნიშნული სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
