წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ლაგუნა ვერე შესაძლოა უახლოეს წლებში კვლავ თბილისის აქტიური ურბანული სივრცის ნაწილი გახდეს. ტერიტორია, რომელიც რამდენიმე თაობისთვის სპორტთან, დასვენებასა და ზაფხულის მოგონებებთან ასოცირდება, კომპანია Immobiliare-ის უფრო ფართო განვითარების კონცეფციის ნაწილია. პროექტების შესახებ DMG Group-ის დამფუძნებელმა კახი ჟორდანიამ BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
კახი ჟორდანია აღნიშნავს, რომ Immobiliare ამჟამად საერთაშორისოდ აღიარებულ ესპანურ არქიტექტურულ ბიუროსთან Ricardo Bofill Taller de Arquitectura-სთან ერთად მუშაობს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების, კოსტავას 49-ისა და ლაგუნა ვერეს ერთიან არქიტექტურულ პროექტზე, რომლის კონცეფციის წარდგენაც წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო მისი პირველი ეტაპი უკვე კოსტავას 49-ში მიმდინარეობს, სადაც დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
“კოსტავა 49 გახდება იმ დიდი ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც დღეს უკვე ვმუშაობთ. არქიტექტურულ მიმართულებაზე დაახლოებით სამი თვეა მიმდინარეობს მუშაობა და წლის ბოლომდე უკვე კონცეფციის დონეზე გვინდა, რომ ჩვენი ხედვა საზოგადოებას გავაცნოთ,”- ამბობს კახი ჟორდანია.
კახი ჟორდანია ამბობს, რომ საკმაოდ მასშტაბური სივრცის განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება ისტორიული შენობების დაცვას ეთმობა.
„ეს ტერიტორია არანაკლებ საპასუხისმგებლოა, რადგან იქაც ისტორიული და უნიკალური შენობებია. მათი შენარჩუნება და ახალი სიცოცხლის მინიჭება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.“
მისი თქმით, სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა ისიც, რომ პროექტზე კვლავ ესპანური არქიტექტურული ბიურო Ricardo Bofill Taller de Arquitectura მუშაობს, რომელიც უკვე კოსტავას 49-ის არქიტექტურული კონცეფციის ავტორია.
კონცეფციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ლაგუნა ვერეს მომავალია. საცურაო აუზი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაკეტილია, პროექტის ფარგლებში კვლავ ფუნქციური უნდა გახდეს.
კახი ჟორდანია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას მისთვის პირადი მნიშვნელობაც აქვს – „აუზი ლაგუნა ვერე, რომელიც სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ ფუნქციონირებს, აუცილებლად დაუბრუნდება თბილისს.“
მისი თქმით, ლაგუნასთან ბავშვობის მოგონებები აკავშირებს – „ჩემთვის ეს მხოლოდ პროექტი არ არის. მეც ძალიან დიდი სენტიმენტები მაკავშირებს ამ აუზთან, რადგან ბავშვობის დიდი ნაწილი სწორედ აქ მაქვს გატარებული.“
კახი ჟორდანია აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ მიიჩნევს ამ სივრცის აღდგენას ერთ-ერთ მთავარ ამოცანად.
„შემიძლია ქალაქს შევპირდე, რომ ლაგუნა ვერე აუცილებლად აღდგება.“
