ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა, მანანა მეზურნიშილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, სანამ ვინმეს მოძლადის იარლიყს მიაკერებს, ჯერ მომხდარის სრული სურათი დაინახოს.
„როგორც დედა და როგორც პედაგოგი, დღეს ვალდებულად მივიჩნევ თავს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც ჩემი შვილის სახელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვების აღზრდას, განათლებას და ადამიანური ღირებულებების სწავლებას მივუძღვენი. სწორედ ამიტომ, ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ის არის, როდესაც ჩემი შვილის პიროვნებას მხოლოდ ერთი კონკრეტული ეპიზოდით აფასებენ.
მე არ გამიზრდია მოძალადე. არასოდეს მისწავლებია მისთვის, რომ ძალადობა პრობლემის გადაჭრის გზაა. პირიქით, ყოველთვის ვასწავლიდი პატივისცემას, პასუხისმგებლობას, უფროსის დაფასებას, ღირსების დაცვას და საკუთარი ქვეყნის სიყვარულს. ეს ის ფასეულობებია, რომლებითაც ჩვენს ოჯახში თაობები იზრდებოდნენ.
ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს მისი ცხოვრების ნაწილია. მას გულწრფელად სჯერა, რომ ამ ღირებულებების დაცვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ რწმენით ცხოვრობს.
შესაძლოა, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი იყოს ეს კონკრეტული ფაქტი. შესაძლოა, განსხვავებული აზრი გვქონდეს იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს ადამიანი საკუთარ შეხედულებებს, მაგრამ მე ვხედავ იმ ბავშვს, რომელიც საკუთარი ქვეყნის სიყვარულით გავზარდე. ვხედავ შვილს, რომელიც ყოველთვის პირნათლად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე.
მინდა, საზოგადოებას ერთი რამ ვთხოვო – სანამ ადამიანს განსჯით და მოძალადის იარლიყს მიაწებებთ, შეეცადეთ, სურათი სრულად, მთლიანობაში დაინახოთ.
დედისთვის შვილი ყოველთვის შვილია. მე მჯერა მისი, მჯერა იმ აღზრდისა და განათლების, რომელიც მივეცი და მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“, – წერს მანანა მეზურნიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენას იყენებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით, ერთი ადამიანია დაკავებული. ნიკო ხურცილავა საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
